საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად და სამთავრობო პროგრამის განსახილველად, ხვალ პარლამენტის
რიგგარეშე სესიას მოიწვევენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
„მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად წარედგინება. კანდიდატურებისა და სამთავრობო პროგრამის დარგობრივ კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკს ბიუროს სხდომა განსაზღვრავს. ამასთანავე, ჩაინიშნება პლენარული სხდომაც“ - განაცხადა ხუროშვილმა.
მისი თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა და პროგრამა წარდგენიდან ორი კვირის ვადაში უნდა დამტკიცდეს პარალამენტში, თუმცა, შესაძლებელია ვადების შემცირება პარლამენტის გადაწყვეტილებით.
რაც შეეხება ახალ ე.წ. უპორთფელო სახელმწიფო მინისტრს, რომელიც დასაქმების საკითხებით დაკავდება, როგორც ხუროშვილმა განაცხადა, სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღება პრეზიდენტის ბრძანებულებით დგინდება და მას საკანონმდებლო ცვლილებები არ სჭირდება.
გუშინ საღამოს, ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი წარადგინა და ახალი - დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის შესახებ განაცხადა. მთავრობის ახალი შემადგენლობა და პროგრამა პარლამენტს ორშაბათს, 2 ივლისს წარედგინება.
