ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ის ამ ფუნქციას საქართველოში არაფორმალურად დიდი ხანია ასრულებს. ამის შესახებ
„ნიუსპრესს“ „ქრისტიან დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მერაბიშვილის გაპრემიერებით ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა.
„ჩვენს ხელისუფლებაში სახელისუფლებო ვერტიკალის წყობის ლოგიკა დიდი ხანია მიუთითებდა იმაზე, რომ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ძალაუფლების ძირითადი ნაწილი სწორედ ძალოვან სტრუქტურებში იყო კონცენტრირებული განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა“-განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის სახელისუფლებო ვერტიკალისთვის ვანო მერაბიშვილი წლების განმავლობაში რჩებოდა იმ ფიგურად, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად მთავარ ორიენტირს წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებულ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში.
„ჩემის აზრით ეს არის სააკაშვილისა და მთელი ნაციონალური მოძრაობის მიერ იმის აღიარება, რომ ქვეყანაში ძალაუფლებაზე ორიენტირებული სახელმწიფო მართვის მოდელი იქმნებოდა. ამ მოდელის მთავარი თვალსაჩინო განსახიერება იყო და არის ვანო მერაბიშვილი“-განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა შსს-ს უწყების დასუსტებას არ გამოიწვევს, რადგან შსს წარმოადგენდა და წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებული სისტემის მთავარ დასაყრდენს.
„როცა სააკაშვილი აცხადებდა, რომ ვანო მერაბიშვილი ქვეყნის ხერხემალია მაშინ ის გულწრფელი იყო. ამდენად ამ ხერხემლის მორყევას თავად სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა ხელს არ შეუწყობს. ეს იგივე იქნება, მათ იმ ტოტის მოჭრა დაიწყონ, რომელზეც სხედან“-განაცხადა „ქდმ“-ს ლიდერმა.
