პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას სახელმწიფო სისტემის პოლიციური
არსისა და არადემოკრატიული ხასიათის კიდევ ერთ დასტურად აფასებს.
როგორც მოძრაობა „თეთრების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ შიშით შეპყრობილი პრეზიდენტი მმართველი რეჟიმისა და საკუთარი თავის გადარჩენას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს.
„ამის თვალსაჩინო მაგალითია, თუ ვინ ინიშნება პრემიერ-მინისტრად და შინაგან საქმეთა შესაძლო მინისტრად. ეს არაქართული ცნობიერების ხელისუფლების მიერ თავსმოხვეული ორომტრიალი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ხალხის გამარჯვებით უნდა დამთავრდეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანე მერაბიშვილი დანიშნა, რომელიც დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა.
