შვეიცარიის ქ. ნეუშატელში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში - BUSKERS FESTIVAL გიორგი მთაწმინდელის
სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტურმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ანსამბლმა ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას ქართული ხალხური მუსიკა წარუდგინა. 8 აგვისტოს მუსიკალურმა გუნდმა გამოსვლა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი სპეციალიზებულია ქართული საეკლესიო გალობის რეგენტებისა და ხალხური სიმღერის ლოტბარების აღზრდაზე.
სასწავლებელი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ დაფუძნებული „ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრიდან“ ჩამოყალიბდა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა როგორც პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის სტრუქტურული ერთეული.
