ფესტივალი „არტ-გენი“ 3 ივლისს ყვარელში გაიხსნება
ფესტივალი „არტ-გენი“ 3 ივლისს ყვარელში გაიხსნება
10:04 30.06.2012
ფესტივალი „არტ–გენი 2012“ 3 ივლისს კახეთში, ილიას ტბაზე აიღებს სტარტს და რეგიონული ტური ზუგდიდს, წყალტუბოს, ჩოხატაურსა და ფოთს მოიცავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „არტ-გენიდან“ აცნობეს, ფესტივალის შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, 21-დან 29 ივლისის ჩათვლით საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.
ფესტივალი რეგიონებში კი, 3 ივლისს ყვარელში ილიას ტბაზე, 6 ივლისს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში, 8 ივლისს - წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, 10 ივლისს - ჩოხატაურში, გორაბერეჟოულის ტყე-პარკში, ხოლო - 12 ივლისს ფოთში, მალთაყვას ტყე-პარკში ჩატარდება.
წლევანდელი ფესტივალის თემაა "გაუფრთხილდი ოჯახს", რაც ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას გულისხმობს.
ფესტივალზე წელს, როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტული მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე, სტუმრები კავკასიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, აფრიკიდან და მადაგასკარიდან მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი „არტ–გენი“ უკვე მეცხრე წელია ტარდება და მის ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ბეჭდვა