საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
სამინისტროს ინიციატივით და ხელშეწყობით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ამავე უნივერსიტეტის 5 დიპლომანტი რეჟისორი საქართველოს 5 რეგიონულ თეატრში ახალ სპექტაკლს დადგამს.
დავით ჩხარტიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგამს სპექტაკლს, ირაკლი ძნელაძე - ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თამარ პოპიაშვილი - თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ჯაბა პაპუაშვილი - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და მიხეილ ჩარკვიანი -ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აღნიშნულ თეატრებს გამოუყოფს ამ სპექტაკლების სადადგმო ხარჯებს -თითოეულს 8000 ლარს. კულტურის სამინისტრო დიპლომანტ რეჟისორებს ასევე უზრუნველყოფს სამივლინებო ხარჯებითა და საყოფაცხოვრებო პირობებით.
პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ზემოაღნიშნული თეატრების ხელმძღვანელები და დიპლომანტი რეჟისორები.
