ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტთან დაკავშირებული საკითხი იუნესკოს კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილეს და 2013 წელს, კომიტეტის 37-ე სხდომისთვის გადადეს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიამ ბაგრატის ტაძრისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის საკითხი დღეს განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის 2013 წელს კომიტეტის 37-ე სხდომისთვის გადადება.
მისი თქმით, საკითხის გადადების ინიციატივა გერმანიამ წამოაყენა, რომლის წინადადებასაც მხარი დაუჭირეს ინდოეთმა, კოლუმბიამ, იაპონიამ, კამბოჯამ და შვეიცარიამ, რის შემდეგაც კომიტეტმა გადაწყვეტილება მიღებულად ჩათვალა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომიტეტზე ასევე დაისვა საკითხი იკომოსის ექსპერტთა ჯგუფის გაფართოებაზე, რომლებიც სწორად შეისწავლიან განხორცილებულ სამუშაოებს, რათა იუნესკოში ფაქტობრივად ზუსტი და რეალობის ობიექტურად ამსახველი დასკვნა იქნას წარმოდგენილი. ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტი იუნესკოს 36-ე სესიაზე წარადგინა ქართულმა დელეგაციამ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და ეროვნული სააგენტოს იუნესკოსთან ურთიერთობის სამსახურმა.
