ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში დღეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის
მეორე ეტაპი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ხულოს, შუახევისა და ქედის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ხულოს მუნიციპალიტეტიდან ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იყო დიდაჭარის, აგარის, ხიხაძირის, ძირკვაძეების, ძმაგულის და სხალთის ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები. ოლიმპიადაში მონაწილეთა ტრანსპორტირება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო.
გამარჯვებულები გადავიდნენ ოლიმპიადის მესამე - ფინალური ეტაპზე, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 8 მაისს - სსიპ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.
ოლიმპიადაში მონაწილეობას ღებულობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.
ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
