თბილისის კონსერვატორიას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა
თბილისის კონსერვატორიას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა
10:45 01.05.2017
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას
დღეს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება.
იუბილესთან დაკავშირებით, 18:00 საათზე, დიდ დარბაზში კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი და გუნდი გახსნის; დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილი.
ფესტივალი, რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდება, 15 ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის „კონსერვატორიის საიუბილეო გალა-კონცერტი მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი“, რომელიც 26 მაისს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
თბილისის კონსერვატორია, მთელ ამიერკავკასიაში, პირველი უმაღლესი სასწავლებელია. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1-ელ მაისს გაიხსნა. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება.

ბეჭდვა