მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 წლისთავი აღინიშნა.
სპეციალურ სხდომაზე დოკუმენტური ფილმი „გალაკტიონის ლონდონური საღამო“ აჩვენეს და მთარგმნელის ინესა მერაბიშვილის წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.
ფილმი გალაკტიონის 120 წლის იუბილეს ეძღვნება, იგი შარშან ლონდონში გამართულ „გალაკტიონობის“ ღონისძიებას ასახავს. ლონდონშივე მოეწყო ინესა მერაბიშვილის ინგლისურ ენაზე ნათარგმანი წიგნის - „მერის“ პრეზენტაცია, სადაც პოეტის 50 საუკეთესო ლექსია შესული.
ინესა მერაბიშვილმა დღევანდელ ღონისძიებაზე პოეტის შემოქმედებაზე, მის ცხოვრებაზე და გალაკტიონისა და ჯორჯ ბაირონის კავშირზე ისაუბრა.
გალაკტიონ ტაბიძე სოფელ ჭყვიშში დაიბადა. 1900 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. 1908 წლიდან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1914 წელს გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული გამოვიდა, 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა. 1922-1923 წლებში იგი გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს", იყო ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. გალაკტიონ ტაბიძე 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
