ევროპის კვირეულის ფარგლებში ხვალ, სხდასახვა ღონისძიებები გაიმართება.
ევროპის კვირეულის ვებ-გვერდის ინფორმაციით, ხვალ 14:30 საათზე წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დისკუსია თემაზე - „საზოგადოებრივი სივრცის გარდაქმნა-ქალაქის აღდგენა“ გაიმართება, რომელსაც ტექნოპოლიტენის სამეცნიერო და დიზაინის სტუდიის დამაარსებელი ედუარდ მორეა და მოსკოვის არქიტექტურის პროფესორი ევგენ ასსე წარმოადგენენ.
კვირეულის ფარგლებში, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფოტოგრაფ ენდრიუ პოლიკანოვთან შეხვედრა, ხოლო 20:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა - „კავკასია: მე-19 საუკუნის პორტრეტები“ გაიმართება, რომელიც 25 ივნისამდე გაგრძელდება.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება აგრეთვე „თბილისის ფოტოფესტივალი 2012“.
„ევროპის კვირეული 2012“ თბილისში 29 მაისს გაიხსნა და 4 ივნისამდე გაგრძელდება. ღონისძიების მიზანი საქართველოსა და ევროპას შორის კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით კავშირის გაღრმავებაა.
