სახელმწიფო კანცელარიაში დღეს, მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ-კულტურათა დიალოგი“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალში თბილისში მცხოვრები და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები და ფოლკლორული ანსამბლები - სულ 175 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება კულტურის სამინისტროს პროგრამის „ეროვნულ უმცირესობათა კულტურის ხელშეწყობის“ ფარგლებში იმართება. ღონისძიების ყველა მონაწილე სამინისტროსგან საჩუქრად MP3 ფლეიერსა და სიგელებს მიიღებს.
ამასთან ერთად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა 11 პედაგოგს დამსახურებული პედაგოგის წოდებას მიანიჭებს და მათ საპატიო სიგელებსა და ერთჯერად ფულად პრემიას გადასცემს.
კონცერტს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი დაესწრებიან.
