საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, თბილისში ქართული სტამბის მუზეუმი დაარსდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ განუცხადა, მუზეუმი ავლაბრის არალეგალური სტამბის შენობაში განთავსდება. შენობის ბიბლიოთეკისთვის გადაცემაზე მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მიმდინარეობდა.
კეკელიძის თქმით, დღემდე ავლაბრის არალეგალურ სტამბაში ორგანიზაცია „სტალინელი“ იყო განთავსებული.
ბიბლიოთეკას შენობის განვითარების გეგმა უკვე აქვს. კეკელიძის განმარტებით, მუზეუმში ის ექსპონატები განთავსდება, რომლებიც ქართული სტამბის ისტორიას ასახავს.
„ბუნებრივია, ვახტანგისეული სტამბის მასალების მოპოვება უტოპიაა, მაგრამ შემდგომი და უფრო თანამედროვე პერიოდის სტამბების შესახებ მასალები, რომლებსაც მოვიპოვებთ, სწორედ ამ მუზეუმში მოიყრის თავს. ეს იქნება ქართული სტამბის პირველი ტექნიკური მუზეუმი საქართველოში“-განაცხადა კეკელიძემ.
პროექტზე აქტიური მუშაობას ორ კვირაში დაიწყება. ქართული სტამბის მუზეუმის გახსნა კი, 5-6 თვეში იგეგმება.
