კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ ბრძანება გამოსცა.
დებულების თანახმად, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი განსაკუთრებული სტატუსის მქონე საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრს შეიძლება სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავდეს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
თეატრს შეიძლება ჰყავდეს ასევე, მთავარი რეჟისორი იმ შემთხვევაში, თუ თეატრის მმართველი ან სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი არ არის. მთავარ რეჟისორს თანამდებობაზე თეატრის მმართველი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს.
მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.
