საერთაშორისო ფესტივალი - „აღდგომიდან ამაღლებამდე“ თბილისში 18-22 აპრილს გაიმართება.
როგორც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალურმა მენეჯერმა ლაშა ჟვანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფესტივალი 22 აპრილიდან რეგიონებში გადაინაცვლებს.
მისი თქმით, წელს კლასიკური მუსიკის საღამოები სტეფანწმინდაში, ქუთაისსა და სალხინოში გაიმართება.
„ფესტივალის მიზანია აღდგომის სასიხარულო განწყობა ამაღლებამდე კლასიკური მუსიკით გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილეს ეძღვნება“- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მისივე განცხადებით, ფესტივალი 24 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე ბათუმში კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილის შემოქმედებითი საღამოთი დაიხურება.
საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 2006 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დააარსა.
წელს ფესტივალი მეშვიდედ იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა.
ფესტივალზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ახალი მუსიკალური ნაწარმოები “Agnus Dei” შესრულდება.
ღონისძიებაში უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ქართველი შემსრულებლები, საორკესტრო და საგუნდო კოლექტივები მონაწილეობენ.
საერთაშორისო ფესტივალს სხვა კომპანიებთან ერთად, მე-6 წელია მხარს კომპანია „თელასიც“ უჭერს.
