გათავისუფლებული მსახიობები თეატრში აღდგენას მოითხოვენ
გათავისუფლებული მსახიობები თეატრში აღდგენას მოითხოვენ
13:18 04.04.2012
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული მსახიობების საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მათი თეატრში აღდგენა და „გაყინული“ ხელფასების დაბრუნებაა.
როგორც „ნიუსპრესთან“ საუბრისას ხელოვნების პროფკავშირების თავმჯდომარემ ნელი ჯავახიშვილმა განაცხადა, მსახიობების გათავისუფლების მთავარი მიზეზი 6 თვის ხელფასების მოთხოვნა იყო.
მისი თქმით, თეატრის დირექტორმა მიხეილ ანთაძემ მსახიობებისთვის ბანკი „ქართუსგან“ ჩარიცხული დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა, რის შედეგად, თანამშრომლები ფაქტიურად ხელფასის გარეშე დარჩნენ.
„4 წელია ივანიშვილის დახმარებას ვიღებთ. 2011 წლის ოქტომბრიდან კი, დირექტორის გადაწყვეტილებით, მსახიობებისთვის ხელფასის დასაფარად, ბანკიდან სესხი ავიღეთ“ - განაცხადა ჯავახიშვილმა.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტსა და პროკურატურას ამ საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართეს.
მსახიობები სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
აქციაზე მსახიობებმა მცირე თეატრალიზებული წარმოდგენა გამართეს.
მოზარდმაყურებელთა თეატრიდან 40 თანამშრომელი ერთი თვის წინ გაათავისუფლეს. მსახიობების თქმით, თეატრის დირექტორმა თანამშრომლები იმის გამო გაათავისუფლა, რომ მათ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ "ქართუ ბანკთან" ხელშეკრულებები განაახლეს.

ბეჭდვა