საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარსადგენ კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს.
ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, საბავშვო მწერლის სახელობის ჯილდო მსოფლიო ბავშვთა ლიტერატურის სფეროში ყველაზე დიდი პრემიაა. 5 მილიონი შვედური კრონი (705 000 აშშ დოლარი) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.
ეროვნული ბიბლიოთეკა წარსადგენ კანდიდატებს შემდეგი კატეგორიებიდან აირჩევს - ავტორები, ილუსტრატორები, ზეპირი მთხრობელები, ბავშვთა კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პირები და ორგანიზაციები.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე ყოველწლიურად 2 კანდიდატს წარადგენს. მათი ვინაობა აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი.
