"თბილისი ივენთ ჰოლი" დღეს პროექტ "ოთხი სეზონის" ფარგლებში, ბრაზილიური ჯაზის საღამოს უმასპინძლებს.
პროექტს ქეთი ფარესაშვილის და შვედი მესაყვირეს ბიორნ ინგელსტამის კონცერტი გახსნის.
პროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება.
"გადავწყვიტეთ გაზაფხული ჯაზით და სამბას კომპოზიციებით დაგვეწყო. კონცერტზე მაყურებელს ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ"- განაცხადა პროექტის პროდიუსერმა ანა რეხვიაშვილმა.
ქეთი ფარესაშვილის თქმით, ხვალინდელი კონცერტით ის სცენაზე დაბრუნდება.
"მექნება სოლო კონცერტი და გადავწყვიტე ბიორნ ინგელსტამი ჩამომეყვანა საქართველოში. იგი შვედეთში ამომავალი ვარსკვლავია და ვფიქრობ, მსმენელისთვის ჩვენი ტანდემი საინტერესო იქნება" - აღნიშნა ფარესაშვილმა.
"თბილისი ივენთ ჰოლში" ბრაზილიური ჯაზის საღამო დღეს 20 საათზე დაიწყება.
