რეგიონული თეატრების ფესტივალი ნოქალაქევში გაიხსნა
რეგიონული თეატრების ფესტივალი ნოქალაქევში გაიხსნა
14:12 23.07.2021
საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას ნოქალაქევში დაესწრო. ფესტივალის პირველი სპექტაკლი, „სტუმარ-მასპინძელი", მესხეთის (ახალციხის) პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა (რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი). საღამოს ასევე ესწრებოდნენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი 22-24 ივლისს ტრადიციულად წელსაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და მასში რეგიონული თეატრალური დასები მონაწილეობენ.

თეა წულუკიანმა ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილე დასებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს, პანდემიის ფონზე ორმაგად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, ვინაიდან ეს იმის დასტურია, რომ ქართული თეატრი კვლავ ცოცხლობს და განაგრძობს განვითარებას.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 22 ივლისს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" მხარდაჭერით რეაბილიტირებულ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ დახურულ და ღია სივრცეებში რეკომენდაციების სრული დაცვით იმართება. ფესტივალში მონაწილეობს 12 ქართული რეგიონული და უცხოური თეატრალური დასი ლიეტუვადან. ფესტივალის ფარგლებში, 22-24 ივლისს სპექტაკლები სენაკის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილზე იმართება, ხოლო 25-31 ივლისს ფესტივალი ფოთში გადაინაცვლებს. სპექტაკლები ასევე გაიმართება ოზურგეთისა და ბათუმის სახელმწიფო თეატრებში. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს ქალაქ ფოთში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს''. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი - თენგიზ ხუხია. ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.
ბეჭდვა