თეა წულუკიანი „ვაჟაობას" დაესწრო
თეა წულუკიანი „ვაჟაობას" დაესწრო
10:55 15.07.2021
ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას 160 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა" გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა ქადის გატეხვის ტრადიციული ცერემონია, ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის ავტორობით გამოცემული ორენოვანი კრებულის „ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე" პრეზენტაცია; წიგნის შესახებ თავად ავტორებმა და ასევე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ისაუბრეს. საიუბილეო საღამოს ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის თეატრმა სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი" წარმოადგინა (რეჟისორი სოსო ნემსაძე).

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ჩარგალში სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა" 1961 წლიდან აღინიშნება.
ბეჭდვა