საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიას ქმნის
საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიას ქმნის
14:04 01.07.2021
ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს კულტურის სამინისტრო საქართველოში ხელოვნების ნიმუშების კვლევითი სახელმწიფო ლაბორატორიის შექმნას იწყებს.

შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ფონდის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიქიამ მოაწერეს. მემორანდუმი მხარეებს შორის საქართველოში ხელოვნების ნიმუშების ლაბორატორიის დაარსების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.



ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობის შედეგად, კულტურის სამინისტრო სახელმწიფო ლაბორატორიას დააარსებს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოსა და რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსურ საექსპერტო კვლევას და შესაბამისი კვლევითი პროცესების ორგანიზებას. მათ შორის, ავთენტურობის დადგენას. ამგვარი მომსახურება დღეს საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს, რაც ხელოვანთა უფლებებისა და ქართული კულტურის ნიმუშების დაცვისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.



აღსანიშნავია, რომ ირაკლი ფარჯიანის ფონდის ინიციატივით, ხელოვანების მხარდაჭერისა და მათი პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით, ფონდმა ესპანეთის სახელმწიფოსა და ესპანეთის კულტურის სამინისტროს კონტროლის ქვეშ არსებულ ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ხელოვნების ნიმუშთა კვლევითი ცენტრი 2020 წელს დააფუძნა.



მსურველებს უკვე შესაძლებლობა აქვთ მიმართონ ფონდს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით https://irakliparjiani.com და ისარგებლონ შეთავაზებული სერვისით. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ამიერკავკასიაში პირველად შეიქმნება ხელოვნების ნიმუშთა ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია, რომლის პროექტის შედგენაში სამინისტროს ფონდი გაუწევს კონსულტაციას. ირაკლი ფარჯიანის ფონდის კვლევითი ცენტრის საქმიანობის პრეზენტაცია დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრთან და ფონდის თავმჯდომარესთან ერთად, ირაკლი ფარჯიანის შვილი სოფო ფარჯიანი უძღვებოდა.



ირაკლი ფარჯიანის ფონდთან არსებული ხელოვნების ნიმუშთა კვლევითი ცენტრი ქართველ ხელოვანებს ესპანეთიდან ემსახურება და ის ასევე თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ინსტიტუტებთან, როგორიც არის ესპანეთის კულტურის სამინისტრო, პრადოს მუზეუმი, რეინა სოფიას მუზეუმი, ტისენ ბონემიზას მუზეუმი, ესპანეთის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანება, ესპანეთის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტი, ანდალუზიის ისტორიული ინსტიტუტი, ასევე, შვეიცარიისა და გერმანიის სამუზეუმო გაერთიანებები.



მე-20 საუკუნის გამორჩეული მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი 2020 წელს ხელოვანის შვილის, სოფო ფარჯიანის მიერ დაარსდა. ფონდის მიზანს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მხატვრის შემოქმედების პოპულარიზაციასთან ერთად, ხელოვანების პირადი არაქონებრივი და ქონებრივი საავტორო უფლებების მართვა და დაცვა წარმოადგენს. ხელოვნების ნაწარმოებთა კვლევითი ცენტრის დაარსებაც სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება.
ბეჭდვა