ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პროექტის განხორციელებას კულტურის სამინისტრო გააგრძელებს
ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პროექტის განხორციელებას კულტურის სამინისტრო გააგრძელებს
08:41 30.06.2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრები ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ესტუმრნენ, პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა შთამომავლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა ჩაატარეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, სხდომაზე ლევილის მამულში კულტურის კერის შექმნის პროექტის შემდგომი ხელმძღვანელობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დარგობრივ უწყებას - კულტურის სამინისტროს გადასცა.

ამასთან, თეა წულუკიანმა და დავით ზალკალიანმა ლევილის მამულში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმატებით განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი - ე.წ. ორანჟერეის განახლებული შენობა დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერეის პროექტი", რის შედეგადაც ორანჟერეის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მეორე - „დიდი პროექტი" ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების განახლება/მოწყობას, რომლის დასრულებაც 2026 წელს იგეგმება.

მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე - ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები. შესაბამისად, საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს - აკადემიას, სადაც საქართველოს კულტურული, პოლიტიკური, სამეცნიერო, ასევე, დიასპორული პროექტების და პროგრამების რეალიზება იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 25-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ 2016 წელს საქართველოს დაუბრუნდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძის დიდი ძალისხმევის შედეგად.

მამულში განსახორციელებელ პროექტს ოფიციალურად ეწოდა „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია" და საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ მამულის სრული რეაბილიტაცია 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს.


ბეჭდვა