თეა წულუკიანმა და ჟაკ კრაბალმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის საკითხი განიხილეს
თეა წულუკიანმა და ჟაკ კრაბალმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის საკითხი განიხილეს
12:22 13.05.2021
საქართველოს ვიზიტით ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ჟაკ კრაბალი დელეგაციით ეწვია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასამბლეაში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის საკითხს. ჟაკ კრაბალმა ხაზი გაუსვა იმ უნიკალურ კულტურულ და ისტორიულ შესაძლებლობებს, რაც საქართველოს აქვს ფრანკოფონიის გასაძლიერებლად. თავის მხრივ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრანკოფონიის სამყაროში საქართველოს სრულფასოვანი აღიარება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომ ფრანგული ენა აქტიურად ისწავლონ, ხოლო ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს თუ სხვა დარგის სპეციალისტებს კარს გაუხსნის ფრანგულენოვან ქვეყნებში უფრო მეტი კონტაქტისა და გამოცდილების გაზიარებისაკენ.



კულტურის მინისტრმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს აცნობა, რომ სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე წლის ზაფხულში ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელშიც ქართველი ფრანკოფონი კულტურის მოღვაწეები, პროფესორები, მეცნიერები და სპორტსმენები გაერთიანდებიან და იმუშავებენ ფრანგული ენის პოპულარიზაციისა და სხვადასხვა დარგში ფრანგულ-ქართული კავშირებისა და თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითების კვლევაზე. მოცემული ჯგუფი ასევე იმუშავებს ლევილის მამულის ქართულ-ფრანგულ კულტურულ-ისტორიულ კერად ჩამოყალიბებაზე. ყოველივე ეს კი საქართველოს დაეხმარება, რომ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში შესაბამისი პროცედურა წარმატებით გაიაროს და გახდეს ფრანკოფონიის სამყაროს სრულფასოვანი წევრი.
ბეჭდვა