„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო
„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო
13:12 03.03.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო (იხილეთ ელექტრონული პლატფორმა www.iaz.ge).

„სახელმწიფოს, დღემდე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, ანალოგიური მასშტაბის პროექტი არ განუხორციელებია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა საქმიანობა ხელს შეუწყობს მასშტაბურ დასაქმებას, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტით ინტერესდებიან მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები. იმედი გვაქვს, ინტერესთა გამოხატვის პროცესში არაერთი მათგანი მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში, ქართულ-ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანიასთან „GeoHolding” & KSH Consortium ერთად დაიწყო.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, საქართველოს მთავრობამ 220 ჰა მიწის ფართობი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო. პროექტი ითვალისწინებს მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას.

პროექტის კონცეფციის თანახმად, სახელმწიფო განავითარებს ძირითად ინფრასტრუქტურას, რათა უზრუნველყოს იმ ბიზნესების უწყვეტი ოპერირება, რომელთა შექმნაც პროექტით არის გათვალისწინებული.

შპს „იმერეთის აგროზონა“ (IAZ), ინტერესთა გამოხატვით (EOI) დაინტერესებული პირების წინადადებებს 2021 წლის 30 აპრილამდე მიიღებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.iaz.ge.


ბეჭდვა