კასპის სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება
კასპის სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება
16:03 08.02.2021
კასპში სამუსიკო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ თავის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში უკვე შეიცვალა სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის გაყვანილობები, მოეწყო სველი წერტილები, სახურავი, ფანჯრები, ცენტრალური გათბობა. ამჟამად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირთათვის (პანდუსი, სველი წერტილები).

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „აგრომშენსერვისი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 555 291 ლარია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შესრულებული სამუშაოების გარანტია კი 3 წელი.პროექტი გარდამავალია დაიწყო 2020 წელს და 2021 წელს დასრულდება.

კასპში სამუსიკო სკოლა 1961 წელს გაიხსნა, შენობას ათეული წლებია კაპიტალური შეკეთების სამუშაოები არ ჩატარებია. სკოლაში დღეს 335 მოსწავლე სწავლობს მუსიკას, ხელოვნებას და ხატვას, რომელსაც 18 პედაგოგი ემსახურება.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება სასწავლო პროცესის პირობები, შესაბამისად სწავლის ხარისხიც -აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

ბეჭდვა