თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ხვალ 8 სპექტაკლი გაიმართება
თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ხვალ 8 სპექტაკლი გაიმართება
17:47 18.09.2012
თბილისის თეატრალურ ფესტივალზე ხვალ, ქართული პროგრამის ფარგლებში 8 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

როგორც თეატრალური ფესტივალის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პირველი სპექტაკლი - ოთარ ჩხეიძის „ქეთევანი“ 15:00 საათზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. მისი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი, ხოლო ხანგრძლივობა 90 წუთია.

ნიკუშა ანთაძის „სტუმარი“ ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრის სცენაზე 15:00 საათზე დაიწყება - რეჟისორი გოგა ქაჩიბაია, ხოლო ხანგრძლივობა - 45 წუთი.

18:00 საათზეა დაგეგმილი მარჯანიშვილის თეატრში თამაზ ბაძაღუას „ფარდის დაშვებამდე“, რომლის რეჟისორი ლია მირცხულავაა. სპექტაკლი 75 წუთი გაგრძელდება.

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი 18:00 საათზე ამირან შალიკაშვილის (უმცროსი) „პროლოგს“ წარმოადგენს.

თავისუფალი თეატრის სცენაზე 19:00 საათზე ნინო სადღობელაშვილის „საძაღლეს“ აჩვენებენ. სპექტაკლის რეჟისორი ვანო ხუციშვილია. წარმოდგენა 90 წუთიანია.

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში უილიამ შექსპირის მიხედვით დადგმულ “R+J“ (ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტას მესამე მეხსიერება) 20:00 საათზე გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი ბერძენი მიხეილ მარმარინოსია. წარმოდგენა 170 წუთი გაგრძელდება.

მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, 20:30 საათზე ლიკა მორალიშვილის „თავისუფლების შუაღამეს“ აჩვენებენ. მისი რეჟისორი ბადრი წერედიანია. წარმოდგენა 75 წუთიანი იქნება.

პროგრამის მიხედვით, ხვალინდელი დღის ბოლო სპექტაკლია სარა კეინის „ფსიქოზი 4:48“, რომელიც ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება. მისი რეჟისორი მაკა ნაცვლიშვილია. წარმოდგენა 130 წუთიანია.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 ექტემბერს გაიხსნა და 30 სექტემბერს დაიხურება.

ბეჭდვა