საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ხვალ გამოფენა - „პოლიტიკური პლაკატი - საქართველოს არჩევნების ისტორია“ გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, გამოფენა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება და მისი მიზანია საზოგადოებას ის საარჩევნო გამოცდილება შეახსენოს, რომელიც საქართველოში 1990 წლიდან დაგროვდა.
საგამოფენო დარბაზში 1990 წლიდან მოყოლებული ყველა დონის არჩევნების ამსახველი პოლიტიკური საარჩევნო პლაკატი გამოიფინება.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ ბიბლიოთეკის ფონდებში საარჩევნო პლაკატების დიდი კოლექცია დაგროვდა. ექსპერტებმა კი გამოსაფენად შეარჩიეს ის მასალა, რომელიც ყველაზე მკაფიოდ ასახავს ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი საზოგადოების საარჩევნო კულტურის თავისებურებებს და ამ კულტურის განვითარების უმთავრეს ტენდენციებს.
შერჩეული ექსპონატები წარმოაჩენს საქართველოს საარჩევნო-პოლიტიკური პროცესის სპეციფიკას და თითოეული ცალკე აღებული არჩევნების თავისებურებებს.
„გამოფენის მთავარი არსი არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული პოლიტიკური პროცესის დინამიურობისა და თავისებურებების საზოგადოებისთვის გაცნობა და იმის შეხსენება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის პოლიტიკური არჩევანი საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე ბევრად განსაზღვრავს თითოეული ამომრჩევლის და ფართო აზრით, ქვეყნის მომავალს“ - აღნიშნავს გამოფენის ორგანიზატორი ემზარ ჯგერენაია.
გამოფენის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი პოლიტიკური ნეიტრალიტეტია, რაც 1989 წლიდან ყველა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიისა და სუბიექტის საარჩევნო პლაკატის პროპორციულად, თანაბრად და მიუკერძოებლად წარმოდგენას გულისხმობს.
გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით. გამოფენა 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
