საქართველოს ეროვნულის მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, 7
დეკემბერს, 14:00 საათზე, ქვის ხანის ექსპოზიციის დარბაზში გაიმართება გამოფენის გახსნა „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში – ცუცხვათის მღვიმოვანი, ძველი და ახალი აღმოჩენები".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებული უახლესი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მონაპოვრები.
ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა გასულ საუკუნეში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ინიციატივით დაიწყო. 1970-1971 და 1974-1975 წლებში, საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და პალეობიოლოგიის ინსტიტუტი აქ ერთობლივად აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს, რომლის დროსაც მღვიმოვანის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში მიაკვლიეს შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 - 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღებს, ასევე, განამარხებული ცხოველების ძვლებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში“ მოპოვებული ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.
2017 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ახორციელებს განახლებულ მულტიდისციპლინურ კვლევას.
ახალი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის მღვიმოვანში ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან (შუა პალეოლითი) ერთად გამოვლინდა ძეგლისათვის სრულიად ახალი, უკვე ჰომო საპიენსისათვის (მოაზროვნე ადამიანი, ანუ ჩვენი, თანამედროვე ადამიანის სახეობა) დამახასიათებელი ზედაპალეოლითური (ქვის ხანის გვიანი პერიოდი - 80000-12000 წლის წინანდელი) ფენები. ასევე, „ბრინჯაოს მღვიმეში“ გაითხარა ქალკოლითური (სპილენძ-ქვის ხანა, მეტალურგიის საწყისები) ნამოსახლარი.
ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიკარიძე.
გამოფენის გახსნა: 7 დეკემბერი, 14:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 7 დეკემბერი, 2019 - 1 თებერვალი, 2020
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 3
