ბათუმის იუსტიციის სახლში სოფიკო ჭიაურელის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
ბათუმის იუსტიციის სახლში სოფიკო ჭიაურელის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
18:38 16.08.2012
ბათუმის იუსტიციის სახლში ხვალ ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს.

ეროვნულ არქივში დაცულია ფოტოები, რომელიც მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს, მათ შორის არის კინოსურათები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით. ასევე, არქივი ინახავს მსახიობის პორტრეტებს, თეატრალური როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოებს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები შემდეგი ფილმებიდან - „ჩვენი ეზო“, „ვერის უბნის მელოდიები“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ხევსურული ბალადა“, „ფერისცვალება“, „წუთისოფელი“, „დათა თუთაშხია“და სხვა.

სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.

მსახიობს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში შექმნილი აქვს კომიკური და ტრაგიკული როლები.

ბათუმის იუსტიციის სახლში გამოფენა 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა