თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
15:33 18.05.2019
მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, 17 მაისს, მწერალთა სახლში თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი 17 მაისიდან 21 მაისამდე გაიმართება.

ფესტივალი 5 წელია, რაც არსებობს, და განვლილ ფესტივალებზე ჩვენი სტუმრები იყვნენ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, ტომას ვენცლოვა, ჩარლზ ბერნსტაინი, ვიქტორ ეროფეევი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, ფილიპ ბესონი, იულია ფიედორჩუკი, იური ანდრუხოვიჩი, აიზეკ მერიონი, ვერა პავლოვა, არნე სვინგენი და სხვა არაერთი ლიტერატურული წრეებისა თუ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მწერალი.

ფესტივალს არა აქვს ანალოგი კავკასიის რეგიონში, და ამდენად, TIFL იმ აქტივობებს შორისაა, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ამ რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევას განაპირობებს.

წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა 19 ავტორი 15 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, დრამატურგები და პროზაიკოსები აშშ-დან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, მაკედონიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან ,უკრაინიდან, ბელარუსიდან, და სხვა ქვეყნებიდან.

ღონისძიებები ერთი თემის ქვეშ გაერთიანდება - ესაა „გაორება“. ფესტივალის პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ის ავტორებსაც და მსმენელსაც პოეზიის საღამოებით თუ პანელ-დისკუსიებით შემოქმედებითი პოლარულობის, ორბუნებოვნების შესახებ დაფიქრების საშუალებას მისცემს. პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.

თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება მწერალთა სახლში და მათზე დასწრება ტრადიციულად, უფასოა.

საფესტივალო კვირეულის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებგვერდზე (http://tbilisilitfest.ge) და მწერალთა სახლისა და ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე.

გთავაზობთ დღევანდელი დღის კალნდარს:

15:00 - დიალოგი: ბევრი სიმართლის პერსპექტივა 2008 წლის აგვისტოს ომის ზეპირ ისტორიებში. პროექტის 080808 მულტიმედიისა და წიგნის, “ვაშლის ბაღები” წარდგენა. მონაწილეები: ჟურნალ “ინდიგოს” რედაქტორები - ნინო ლომაძე და თამარ ბაბუაძე;

16:00 - იტალიელი პოეტების საღამო - როზარია ლო რუსო, რიტა პაჩილიო, ანიტა პისკაცი. მოდერატორი და მთარგმნელი ნუნუ გელაძე;

17:00 - დისკუსია „რა მოსდის ტექსტს თარგმანში?“. მონაწილეები: ზაბინე შიფნერი, რახელ გრაცფილდი, მოდერატორი: დავით გაბუნია. დისკუსიის ენა: ქართულ - გერმანული

18:00 - მანფრედ ხობოტის (ავსტრია) პოეზიის საღამო. მოდერატორი: თამარ კოტრიკაძე. მთარგმნელები: დათო ბარბაქაძე და თამარ კოტრიკაძე;

19:00 - პოეზიის საღამო: ვალჟინა მორტი (ბელარუსი) და ვასილ მახნო (უკრაინა). მოდერატორი: შოთა იათაშვილი. მთარგმნელები: დავით ჩიხლაძე და შოთა იათაშვილი;

20:00 - მაიკლ პალმერის (აშშ) პოეზიის საღამო. მთარგმნელი და მოდერატორი: პაატა შამუგია;

21:30 - ქართული ლიტერატურული მისტიფიკაციები: ზურაბ ქარუმიძე, შოთა იათაშვილი

ბეჭდვა