ხვალ თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება
ხვალ თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება
22:27 16.05.2019
მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ხვალ მწერალთა სახლში თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება.

ფესტივალი 17 მაისიდან 21 მაისამდე გაიმართება.

ფესტივალს გახსნის მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური, სტუმრებს მიესალმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან დუმბაძე და ქ. თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია. სტუმრებს ასევე მიესალმებიან ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები: იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი.

ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა 19 ავტორი 15 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, დრამატურგები და პროზაიკოსები აშშ-დან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, მაკედონიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ღონისძიებები ერთი თემის ქვეშ გაერთიანდება - ესაა „გაორება“. ფესტივალის პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ის ავტორებსაც და მსმენელსაც პოეზიის საღამოებით თუ პანელ-დისკუსიებით შემოქმედებითი პოლარულობის, ორბუნებოვნების შესახებ დაფიქრების საშუალებას მისცემს. პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.

თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება მწერალთა სახლში და მათზე დასწრება უფასოა.

საფესტივალო კვირეულის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებგვერდზე (http://tbilisilitfest.ge) და მწერალთა სახლისა და ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე.

ბეჭდვა