ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ-ბის მოდერნიზაციასთან გამოთქმულ კრიტიკას კატეგორიულად არ იზიარებს, რადგან მისი თქმით, ეს გაერთიანება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა და „მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას სულაც არ გავდა“. მეტიც, გაერთიანებაზე ყველა სუბიექტის ხელმძღვანელს შეხვდნენ და მოსალოდნელი რეფორმის შესახებ პირადად ყველას ესაუბრნენ:
„დღეს გულში მჯიღის მცემელნი მაშინ სულ სხვანაირად საუბრობდნენ! პირდაპირ გეტყვით, არ გეკადრებათ ჩვენი მისამართით თითის გამოშვერა და ალმაცერად გამოხედვა, მით უფრო როცა იცი რომ ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა! ახლა იმაზე თუ რატომ მოხდა, ის რაც მოხდა?! (ხაზგასმით ვამბობ რომ აზრს მხოლოდ ჩემი დარგის შესახებ მოგახსენებ)! ყველამ კარგად ჩაიხედოს საკუთარ თავსა და აქტივობაში და იქ ეძებოს მიზეზები, ყველა დამრიგებელმა თუ ჭკუის მასწავლებელმა კარგად გაიხსენოს საიდან დაიწყო, სად მივიდა და მერე ჩვენთან გაავლოს პარალელი, ჩვენთან მიმართებაშიც გაიხსენოს საიდან დავიწყეთ და სად მოვედით! არ გეკადრებათ და ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისაგან მითითებებსა და ჭკუის სწავლებას რომელსაც დღემდე არ გააჩნია საკუთარ მუზეუმში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია“ - აცხადებს კალანდია.
„ვიღაცებს ძალიან ადვილად ხელწამოსაკრავი გეჩვენებათ ჩვენი ინსტიტუცია და ეგრე არ არის, რა ლოგიკითაც ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი, ზუსტად იმ ლოგიკით მოხდა ჩვენთან სხვების გაერთიანება, ჩვენთან რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გაგვაჩნია! თამამად ვიტყვი რომ დღევანდელ საქართველოში ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამუზეუმო ინსტიტუცია ვართ, მსოფლიო მნიშვნელობის პროექტებში ჩართულები, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები, ჩვენი კოლექციები მოვლილია უმაღლეს დონეზე, მარტო გასულ წელს 68 ათასზე მეტი ვიზიტორი მივიღეთ! არადა ყველაფერი დავიწყეთ 8 წლის წინ ნანგრევებიდან, ამიტომ ამ ახლადშემოერთებულებს უკეთეს მომავალს შევთავაზებთ და არა უარესს, არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით არავისთვის არაფერი გვითხოვია, ამ დამატებითი შრომისათვის არც ხელფასს გვიმატებს ვინმე და არც ჩინ მედლებს, ასე რომ მგონია სამუზეუმო მენეჯმეტში ხელის შეშველებას და გამოცდილების გაზიარებას აქეთ უნდა გვთავაზობდნენ , იქით არავისთან არაფერი გავქვს სახვეწარი, ჩვენი კოლექციებიც გვყოფნის, გაქანებაც და სამომავლო საქმეც“ - აცხადებს კალანდია.
