ჯაბა სამუშია: ახალი „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ შექმნა ქართული ლიტერატურის პოპულიზაციის თვალსაზრისით მასშტაბური რეფორმაა
ჯაბა სამუშია: ახალი „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ შექმნა ქართული ლიტერატურის პოპულიზაციის თვალსაზრისით მასშტაბური რეფორმაა
10:02 04.05.2019
პროფესორი, ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორი და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე, ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ-ბის მოდერნიზაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მთავრობის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის მიმართულების სსიპ-ების მოდერნიზაციის შესახებ. ეს არის პროცესი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. აუცილებელია თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის ორგანიზაციები ერთიან მენეჯმენტში მოექცნენ.

მაგალითად, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი უერთდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ამით ფოთის მუზეუმის სტატუსიც იწევს და თან საქართველოს სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკის ნაწილად იქცევა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთიანდება ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. ქვეყანაში ყალიბდება მძლავრი სამუზეუმო კერა. სრულიად ახალი ხაზი ჩნდება გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაციის მიმართულებით. ეს მუზეუმი, არსებული სამუზეუმო ექსპოზიციებისა თუ საარქივო მასალით, ამ გამსხვილებით კავკასიისა და მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანი გახდება.

ახალი "ლიტერატურის ეროვნული ფონდის" შექმნა კი ქართული ლიტერატურის პოპულიზაციის თვალსაზრისით მასშტაბური რეფორმაა. მასში "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა" და "მწერალთა სახლის" გაერთიანებით იქმნება ახალი დიდი სტრუქტურა, რომელიც მთელ ამ სფეროს პოლიტიკას წარმართავს. ევროპაში ბევრგან ეროვნულ ლიტერატურას სწორედ ასეთი სახელმწიფო "ფონდებით" პატრონობენ და ანვითარებენ", - წერს ჯაბა სამუშია.

ბეჭდვა