28 მარტს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
(მის.: მერაბ ალექსიძის ქუჩა, N1/3), ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში, თამაზ გოგოლაძის წიგნის, „თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საისტორიო წყარო“, პრეზენტაცია გაიმართება.
ქართული წარწერები უმნიშვნელოვანეს და უტყუარ წერილობით წყაროს წარმოადგენენ როგორც საქართველოს, ასევე, სხვა ქვეყნების ისტორიისათვის.
წინამდებარე კორპუსში წარმოდგენილია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, ისტორიული მესხეთის ნაწილის, თორის ხეობის 50-მდე ნაკაწრი თუ ფრესკული წარწერის პუბლიკაცია, რომელთა ნაწილი პირველად ქვეყნდება. კორპუსს პალეოგრაფიული მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან წარწერები პალეოგრაფიული პირებითა და ფოტოებით ქვეყნდება. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პირველად გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კორპუსი თორის ხეობის ეპიგრაფიკული ძეგლების შესახებ, რაც დიდ დახმარებას გაუწევს შესაბამისი დარგის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპეციალისტებს. წინამდებარე კორპუსის ელექტრონული ვერსია განთავსდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკების ვებგვერდებზე, რაც გაზრდის თანამშრომლობის შესაძლებლობას შესაბამისი დარგის უცხოეულ სპეციალისტებთან.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო ნაშრომების გამოცემაში. აღნიშნული პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საიტორიო წყაროს“ ფარგლებში.
