ხვალიდან თბილისი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - „მოგზაური ნოტები 2012“ უმასპინძლებს.
სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 70 ახალგაზრდა მუსიკოსი სახელგანთქმული პედაგოგების ხელმძღვანელობით გაკვეთილებს, რეპეტიციებსა და კონცერტებს გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში კონცერტები 12 აგვისტოს კუს ტბაზე, 13 აგვისტოს „თიბისი გალერეაში“, ხოლო 15 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება.
რეპერტუარშია სიმფონიური და ტრადიციული მუსიკა, აგრეთვე მსოფლიოს კინომუსიკა და კლასიკური სიმფონიური კომპოზიციები. 15 აგვისტოს გალა წარმოდგენაზე შესრულდება ლალოს კონცერტი ჩელოსათვის - სოლისტი ლიზი რამიშვილი.
ფესტივალის მუსიკალური და საგანმანათლებლო ნაწილის გარდა, ახალგაზრდა მუსიკოსებს საშუალება მიეცემათ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. დაგეგმილია ექსკურსიები მცხეთაში, უფლისციხეში, დავით გარეჯის მონასტერში, ნარიყალის ციხეზე, ძველ თბილისში. მუსიკოსები ადგილობრივი მოცეკვავეების კონცერტსაც დაესწრებიან.
აშშ–ის საელჩო საქართველოში ფესტივალის მონაწილეთა პატივსაცემად მიღებას გამართავს.
