ოტავაში ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ოტავაში ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
13:22 19.02.2019
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოტავაში ქართული მეღვინეობის ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქავთარაძემ. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე საქართველოს ისტორიის, ტრადიციების და კულტურის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში მეღვინეობის უძველესი ტრადიციები დღესაც არსებობს. სწორედ ამიტომ, UNESO-მ ქართული ღვინის დაყენების მეთოდი მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

საელჩოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ცენტრის პროფესორის, საქართველოში კანადური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, სტივენ ბატიუკის ლექცია თემაზე „ვაზის წარმოშობის კვლევა: უძველესი მეღვინეობის ისტორია და არქეოლოგიური შესწავლა“ გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სტეფან ბატიუკი იმ საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი იყო, რომელმაც მეცნიერულად დაამტკიცა, რომ საქართველო კულტურული მეღვინეობის სამშობლოა.
ლექციის შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს საელჩოს მიერ მომზადებულ ფოტოგამოფენას „საქართველო - ღვინის აკვანი“ და ქართული ქვევრის ღვინო დაეგემოვნებინათ .

ღონისძიებას, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სწავლებების კანადურ ინსტიტუტთან, კარლტონის უნივერსიტეტთან და ამერიკის არქეოლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა, კანადელი მეცნიერები, არქეოლოგები, ოტავასა და კარლტონის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და ქართული დიაპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



ბეჭდვა