კინოთეატრ „რუსთაველში“ ხვალ იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით კი, იაპონიის საელჩო საქართველოში მთელი წლის განმავლობაში კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ იაპონიის საელჩოდან აცნობეს, იაპონური კინოს ფესტივალი კინოთეატრ „რუსთაველში“ 3-დან 5 აგვისტომდე, წელს უკვე მეორედ ჩატარდება.
ფესტივალი ხვალ, 19:00 საათზე გაიხსნება. ხვალვე, ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმი „მოგზაურობა ჰარუსთან ერთად“, რომელიც მიაგის პრეფექტურაშია გადაღებული, სადაც 2011 წლის 11 მარტს დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.
კინოფესტივალის გახსნის ცერემონიას და ფილმის ჩვენებას იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა დაესწრება.
4 და 5 აგვისტოს წარმოდგენილი იქნება მხატვრული ფილმი „კვარტეტი“, რომლის გადაღებაც იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დასრულებული არ იყო.
იაპონიის საელჩოში აცხადებენ, რომ ყველა ფილმი წარმოდგენილი იქნება იაპონურ ენაზე თანდართული ქართული და ინგლისური სუბტიტრებით, ხოლო დასწრება თავისუფალია.
