თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა
თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა
15:35 24.01.2019
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით და გამომცემლობა ინტელექტთან თანამშრომლობით, თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.

ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში. თბილისში ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან. გაიმართება შეხვედრები ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან. ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.

1936 წელს პერუში დაბადებული მარიო ვარგას ლიოსა ცნობილია არა მხოლოდ როგორც მწერალი, არამედ როგორც თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე, პოლიტიკოსი, ჟურალისტი, ესეისტი.

მარიო ვარგას ლიოსა 20-მდე რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს კი გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი და გამოცემულია ლიოსას ხუთი წიგნი - „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „ხუთი კუთხე“, „დეიდა ხულია და სცენარისტი“. მიმდინარე წელს ქართველი მკითხველი ავტორის კიდევ ორ ნაწარმოებს გაეცნობა ქართულ თარგმანში - „საუბარი კათედრალში“, „ბოლო ჟამის ომი“.


მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს მეუღლესთან ერთად სექტემბრის შუა რიცხვებში ესტუმრება. მსოფლიო რანგის მწერლის ვიზიტის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და ავტორის ქართველმა გამომცემლებმა დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.


ბეჭდვა