მიხეილ ბატიაშვილი: ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება
მიხეილ ბატიაშვილი: ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება
11:44 28.12.2018
საქართველოს ეროვნულ არქივშიცნობილი ქართველი კინორეჟისორის ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საგანგებოდ ამ დღეს, 85 წლის შემდეგ პირველად,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით, არქივის განახლებულ კინოდარბაზშილანა ღოღობერიძის დედის, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმის - „უჟმური“ პრემიერა მოეწყო.ფილმი ეკრანებზე პირველად 1934 წლის ბოლოს უჩვენეს, თუმცა, საბჭოთა ცენზურის გამო მისი საეკრანო ცხოვრება აღარ გაგრძელებულა.

საიუბილეო ღონისძიებასა და ფილმის ჩვენებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაესწრო.მიხეილ ბატიაშვილმა ლანა ღოღობერიძეს იუბილე მიულოცა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქალბატონი ლანა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ქართული კინოს ისტორია შექმნა. ბედნიერი ვარ, რომ მისი დედის - პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი „უჟმური“ საქართველოში დავაბრუნეთ და ფილმის პრემიერა, სწორედ, დღეს იმართება. ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება - მოხდება ფირების არა მხოლოდ ჩამოტანა, არამედ, გაციფვრა და მაქსიმალური ხელშეწყობა იმისათვის, რომ ქართული ფილმები კინომოყვარულებისთვის, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს“.

საიუბილეო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი და კინემატოგრაფიული წრის წარმომადგენლები.



ბეჭდვა