კვიპროსში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული კულტურის მე-3 ყოველწლიური
ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის ელჩმა ელისო ბოლქვაძემ და კვიპროსის სიმფონიურმა ორკესტრმა გია ყანჩელის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და კამილ სენ-სანსის რჩეული ნაწარმოებები წარმოადგინეს. ღონისძიება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ, რომელმაც საქართველოს კულტურასა და ხელოვნებაზე ისაუბრა.
საღამოს ფარგლებში ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს და კვიპროსის ეროვნული ჰიმნები შეასრულეს.
