ფესტივალი „არტ-გენი“ ხვალ ეთნოგრაფიულ მუზეუმში საზეიმოდ დაიხურება.
ხვალიდელი ღონისძიებისთვის ფესტივალის
ორგანიზატორები სტუმრებს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობენ.
17:00 საათზე ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ ერთი საუკუნის შემდეგ აღდგენილ ძველ ქართულ „ქალაქურ კრივს“ და ტრადიციულ „ლელობურთს“ გამართავს.
საღამოს კონცერტზე კი, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, ანსამბლი "ლაშარი", "საგალობელი" , ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ლელა თათარაიძე და კვარტეტი "კესანე" იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალს 22:00-ზე ფრანგული ჯგუფი „Speed Caravan“ დახურავს.
ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე მეცხრე წელია ტარდება. წლევანდელმა ფესტივალმა სტარტი 3 ივლისს, კახეთში აიღო და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში - ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩაატარა. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „არტ-გენი“ 21 ივლისიდან მიმდინარეობს.
