ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში ხვალ ცნობილი ბრიტანელი დრამატურგის სარა კეინის პიესის მიხედვით
დადგმული სპექტაკლის - „ფსიქოზი 4:48” წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართება.
სპექტაკლის რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება ბუბა ბასიშვილისა და გოგა ქაჩიბაიას ეკუთვნის.
ავტორების განმარტებით, სპექტაკლი ადამიანის მდგომარეობას ასახავს, როდესაც მას საზოგადოებრივი ნორმები არ აკმაყოფილებს, რჩება მარტო, იწყებს ბრძოლას გადარჩენისთვის.
სპექტაკლი თბილისის მერიის მიერაა დაფინანსებული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი 2010 წელს დაარსდა. ეს არის პირველი პროფესიული თეატრი საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც სპექტაკლებს ქმნიან როგორც გამოცდილი რეჟისორები მოწვეულ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ასევე ახალბედა ხელოვანები. თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი არ ჰყავს და ანტრეპრიზას პრინციპით მუშაობს.
