მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართველი თანამედროვე არტისტების გამოფენა დაათვალიერა
მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართველი თანამედროვე არტისტების გამოფენა დაათვალიერა
16:13 13.10.2018
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული საგამოფენო პროგრამა გრძელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ კონსულთან იოსებ ჩხიკვიშვილთან ერთად ფრანკფურტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ეწვია და ქართველი თანამედროვე არტისტების გამოფენა „ლარა მიცავს მე. ამბები საქართველოდან“ დაათვალიერა.

ვიდეო ნამუშევრები, ფოტოგრაფია და დიზაინის ობიექტები დამთვალიერებლებს სხვადასხვა საინტერესო ისტორიას მოუთხრობენ. ექსპოზიციას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის კურატორის, მარეტ კუპკას მისტიკური ისტორია - პატარა ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი წერილი, ტექსტით - „Lara protects me“, („ლარა მიცავს მე“) რომელიც მარეტმა საქართველოში მოგზაურობისას სასტუმროს ნომერში, სრულიად შემთხვევით იპოვა და მოგვიანებით, გამოფენის სახელწოდებად აქცია.

მიხეილ გიორგაძე ფრანკფურტში, გერმანიის არქიტექტურის მუზეუმსაც ეწვია სადაც გამოფენა, სახელწოდებით „თბილისის ჰიბრიდი“ მიმდინარეობს.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს საქართველოს არქიტექტურის ერთგვარ რეტროსპექტივას სთავაზობს და საზოგადოებრივი ფორმაციების ცვლილებების ფონზე მიმდინარე ურბანული პროცესების ტრანსფორმაციას ასახავს.

გამოფენა გერმანიის არქიტექტურის მუზეუმში 29 სექტემბერს გაიხსნა და 14 იანვრამდე გაგრძელდება.

გამოფენები - „ლარა მიცავს მე - ამბები საქართველოდან“ და „თბილისის ჰიბრიდი“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შემოქმედებითი საქართველოსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში იმართება.


ბეჭდვა