ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანული კინოს მუზეუმში ქართული კინოს რეტროსპექტივა
მიმდინარეობს.
დღეს, კოტე მიქაბერიძის ფილმის - "ჩემი ბებიას" - ჩვენება და რეჟისორზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია იგეგმება ხოლო 11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროგრამა იქნება ნაჩვენები კერძოდ: "დილის 10 წუთი" (1931), "ხაბაზები" (1970) და "არაბესკები ფიროსმანის თემაზე" (1985).
მონოგრაფიული ნაშრომი რეჟისორ კოტე მიქაბერიძის შესახებ 2017 წელს საქართველოს ეროვნული არქივისა და გამომცემლობა "სა.გა."-ს თანამშრომლობით დაიბეჭდა. 2018 წელს წიგნის ინგლისური ვერსიაც გამოიცა, რომელსაც ავტორები - სოსო დუმბაძე და ეროვნული არქივის წარმომადგენელი, კინომცოდნე ნინო ძანძავა ფილმ "ჩემი ბებიასთან" ერთად 10 ოქტომბერს წარადგენენ.
ქართული ფილმების რეტროსპექტივა გერმანიის კინოს მუზეუმში საგამომცემლო პროგრამის "საქართველო – 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარის" ნაწილია.
