ფესტივალი არტ–გენის ფარგლებში დღეს გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის
სახელმწიფო მუზეუმში ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა მოეწყო.
გამოფენა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, 15:00 საათიდან კი - მცირე სცენაზე საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ.
19:00 საათიდან დიდ სცენაზე ფოლკორული ანსამბლები სამცხე–ჯავახეთიდან, აჭარასა და ქვემო ქართლიდან ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს შეასრულებენ. 22:30 საათზე კი, სცენა საფრანგეთიდან ჩამოსულ სტუმარს რენე ლაკაილს დაეთმობა.
საღამოს ქართული ჯგუფი Outsider დახურავს.
ფესტივალი არტ–გენი უკვე მეცხრე წელია ტარდება, წელს მისი დევიზია - "გაუფრთხილდი ოჯახს". ფესტივალმა სტარტი 3 ივლისს კახეთში აიღო და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში - ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩატარდა. 21 ივლისიდან არტ–გენმა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლა და 29 ივლისამდე გაგრძელდება.
