10-დღიანი რეგიონული ტურის შემდეგ, დღეიდან, ფესტივალი „არტ-გენი 2012“-ის დასკვნითი ტური თბილისში იწყება.
როგორც „ნიუსპრესს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის მიზანი ქართული ეთნოგრაფიული კულტურის მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა.
ფესტივალის 9-დღიანი დასკვნითი ნაწილი 29 ივლისის ჩათვლით ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება.
ფესტივალზე ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტუმრები კავკასიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, აფრიკიდან და მადაგასკარიდან ეწვევიან.
ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე მეცხრე წელია ტარდება. ტრადიციულად, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალის წლევანდელი დევიზია „გაუფრთხილდი ოჯახს“, რაც ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებას ისახავს მიზნად.
ფესტივალი 3 ივლისს კახეთში გაიხსნა. ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე ქალაქში – ყვარელში, ზუგდიდში, წყალტუბოში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩატარდა.
ფესტივალის გენერალური სპონსორია „ბანკი კონსტანტა“.
