მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და
ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი დღეს, 18. 00 საზეიმოდ გაიხსნება.
ფესტივალი 14 მაისიდან 19 მაისამდე გრძელდება და მის ფარგლებში, თბილისს ეწვევა 24 ავტორი 21 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, პროზაიკოსები და საბავშვო მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან.
პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.
თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მწერალთა სახლში, ასევე, კავკასიურ სახლში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში, ავსტრიულ ბიბლიოთეკაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში.
საფესტივალო კვირეულის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებგვერდზე (http://tbilisilitfest.ge) და მწერალთა სახლისა და ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე.
