კულტურის მინისტრი რეგიონების ფოლკლორულ ანსამბლებს სერტიფიკატებს გადასცემს
კულტურის მინისტრი რეგიონების ფოლკლორულ ანსამბლებს სერტიფიკატებს გადასცემს
09:23 16.07.2012
საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა რეგიონების ფოლკლორულ ანსამბლებს დღეს სერტიფიკატებს გადასცემს.
ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება.
შეხვედრას კომისიის წევრები, ფოლკლორისტები და 74 სერტიფიცირებული ანსამბლის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირების პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ „ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა.
საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ფოლკლორული კოლექტივების დათვალიერება 2011 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო და 2012 წლის 4 ივნისს დასრულდა; სერტიფიცირებაში მონაწილეობა 155 ანსამბლმა მიიღო, აქედან სერტიფიკატი 74 ფოლკლორულ კოლექტივს მიენიჭა.
სერტიფიცირებული ფოლკლორული ანსამბლები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან დამატებით მხარდაჭერასაც მიიღებენ.
სერტიფიცირების მიზანი ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებითი დონის შესწავლა, მათ შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა და საზოგადოებისთვის ქართული ფოლკლორის სათანადო დონეზე წარმოჩენაა.
სერტიფიცირება არ ვრცელდება სახელმწიფო ანსამბლებზე. აღნიშნული პროექტი ასევე არ ითვალისწინებს საბავშვო ანსამბლების სერტიფიცირებას.



ბეჭდვა