ფესტივალი „არტ-გენი 2012“-ის რეგიონულ ტურს ხვალ ფოთი უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ფესტივალის
ორგანიზატორებმა აცნობეს, ფოთში, კერძოდ კი, მალთაყვას ტბის პირას, სამეგრელოსა და აჭარის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს, რეწვისა და ზეპირსიტყვაობის ნიმუშებს წარმოადგენენ.
ფესტივალის რეგიონული ტური ხვალ დასრულდება. 21-დან 29 ივლისის ჩათვლით „არტ–გენი“–ს შემაჯამებელი 9-დღიანი დასკვნითი ნაწილი კი, ტრადიციულად თბილისში, საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.
წლევანდელი ფესტივალის თემაა "გაუფრთხილდი ოჯახს", რაც ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და შენარჩუნებას გულისხმობს.
ფესტივალი „არტ–გენი“ უკვე მეცხრე წელია ჯგუფი ”არტ-გენი”–ის ორგანიზებით ტარდება. მის ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს.
