ფესტივალი „არტ-გენი 2012“-ის მეოთხე რეგიონულ ტურს დღეს გურია უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ჩოხატაურში, კერძოდ კი, გორაბერეჟოულის ტყე–პარკში გურიის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს, რეწვისა და ზეპირსიტყვაობის ნიმუშებს წარმოადგენენ.
ფესტივალის რეგიონული ტური 12 ივლისს ფოთში, მალთაყვას ტყე–პარკში დასრულდება. 21-დან 29 ივლისის ჩათვლით „არტ–გენი“–ს შემაჯამებელი 9-დღიანი დასკვნითი ნაწილი კი, ტრადიციულად თბილისში, საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.
წლევანდელი ფესტივალის თემაა "გაუფრთხილდი ოჯახს", რაც ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და შენარჩუნებას გულისხმობს.
ფესტივალი „არტ–გენი“ უკვე მეცხრე წელია ჯგუფი ”არტ-გენი”–ის ორგანიზებით ტარდება. მის ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს.
